BTU-ს სტუდენტი ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსის გამარჯვებულია
30 აგვისტო 2021

ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალი “ფინედუს“ მიერ პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ჩატარდა.

ხუთი წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, კონკურსის პირობებით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა თითოეული გამომსვლელი და სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთი გამარჯვებული BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის III კურსის სტუდენტი, ლუკა ზედაშიძე გახდა.

აღნიშნული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და ფინანსურ განათლებაში მათი ჩართულობის ზრდაა. ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში, ლუკა ზედაშიძემ შექმნა მობილური აპლიკაცია „ყულაბა“, რომელიც ახალგაზრდებს მარტივ, გასაგებ ენაზე აწვდის თეორიულ ცოდნას ფინანსური განათლების შესახებ და ასევე, ეხმარება, დაზოგოს თანხა.

ფინანსური განათლების შესახებ კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც შექმნილი პროექტით წვლილი შევიტანე ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში. მობილური აპლიკაცია, რომელზეც ვმუშაობდი კონკურსის ფარგლებში, ემსახურება ფინანსური განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მარტივი ენით - რაც, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ ფინანსური ტექნოლოგიებით“ - ლუკა ზედაშიძე, ერთ-ერთი გამარჯვებული.

1999 წელს, გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ, 12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ეძღვნება ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას.

მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში.